დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2024-2025 წლებში, დეკემბერი-იანვარი-თებერვლის მონაცემების მიხედვით, დაცულ ტერიტორიებს 58 618 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო 2025-2026 წლებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 68 296-მდე, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 17%-იან ზრდას წარმოადგენს.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ განსაკუთრებულად პოპულარულია როგორც ერთდღიანი მცირე მარშრუტები, როგორიცაა პრომეთეს მღვიმე (11 480 ვიზიტორი), წალკის კანიონი (7 401) და მარტვილის კანიონი (6 801), ასევე სალაშქრო მიმართულებები: მტირალას ეროვნული პარკი (20 137) და თბილისის ეროვნული პარკი (9 100).
„დაცულ ტერიტორიებზე ზამთარში მოგზაურობა წლიდან წლამდე პოპულარული ხდება. მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურა და სერვისები იყოს შესაბამისი, რათა მოგზაურობა შესაძლებელი იყოს წლის ნებისმიერ დროს. აღნიშნული მიმართულება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.








