ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის  განხილვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს ვეტერინარებმა,   ცხოველების დამცველ ორგანიზაციებს, ძაღლების ჰიპერპოპულაციის   მართვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ყურადღება გამახვილდა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მანიპულაციებზე, რომლებიც    როგორც  პატრონიან,  ასევე მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს ჩაუტარდებათ.

აღინიშნა, რომ კანონის მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის,  უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ცხოველთა კეთილდღეობის დაცვა. შესაბამისად, ამ მიმართულებით დაგეგმილია  კომპლექსური ღონისძიებები და   სააგენტო მზად არის ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან.

განხილვის პროცესში, ხაზი გაესვა ცხოველების მიმკედლებლების რეგისტრაციის და მიკვლევადობის მართვის საკითხებს, რაზედაც სააგენტოს წარმომადგენლებმა განცხადეს, რომ პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება.

აღინიშნა რომ პროგრამით გათვალისწინებული, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია ხელს შეუწყობს   ქუჩაში  ახალი,  მიუსაფარი ძაღლების  გაჩენის  პრევენციას. ამავდროულად,  დაგეგმილია  პატრონიანი ძაღლების აღრიცხვა  და მეპატრონეებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც  ცხოველების  ქუჩაში მიტოვების შემთხვევებს შეამცირებს. ხოლო, მიუსაფარი  ძაღლების მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაციით  თავიდან იქნება აცილებული  ძაღლების უკონტროლო გამრავლება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.  აღინიშნა, რომ, პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.  

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის   პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის  ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად. 

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია,  საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება,  ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია;

უპატრონო/მიკედლებული ძაღლების (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა), ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია.