2024 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.
სახალხო დამცველი ასაჩივრებდა საკრებულოს დადგენილების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც შშმ პირთა გადაადგილებისთვის საჭირო პარკირების სპეციალურ პირობებს მხოლოდ შშმ პირების ნაწილზე, კერძოდ კი, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებზე ავრცელებდა. ხოლო, ქმედობაუნარიანობის ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები (რომელთაც არ აქვთ ქვედა კიდურის ამპუტაცია, თუმცა გააჩნიათ გადაადგილების სხვაგვარი შეზღუდვა) ვერ სარგებლობენ პარკირების სპეციალური პირობებით. საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, სპეციალური საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა დაკავშირებული უნდა იყოს შშმ პირის სპეციალური სადგომით სარგებლობის ინდივიდუალურ საჭიროებასთან, კონკრეტულად, გადაადგილების უნარის შეზღუდვასთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ შშმ პირების მიერ სპეციალური პარკირების პირობებით სარგებლობა, როგორიცაა, დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურისაგან გათავისუფლება, ამასთან, თავად საპარკინგე სივრცის სტანდარტულზე დიდი ფართობის გამოყოფა და მისი მაქსიმალური სიახლოვე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებთან, არსობრივად და პრაქტიკულად დაკავშირებულია დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვასთან, რის გამოც ამგვარი შეზღუდვის მქონე პირები საჭიროებენ მათ მდგომარეობასთან ადაპტირებულ პარკირების ადგილებს ძირითად საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე დაწესებულებებთან სიახლოვეს, რათა მოხდეს იმ ბარიერების მაქსიმალურად შემცირება, რომელიც ახლავს მათი დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვას.
სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, დადგენილია ბლანკეტური რეგულირება, რომლის პირობებშიც, საცნობი ნიშანი ენიჭება ყველა მკვეთრად გამოხატულ შშმ პირს, მათ შორის, მასაც, ვინც არ საჭიროებს გადაადგილების უნარის შეზღუდვიდან მომდინარე დახმარების განსაკუთრებულ აუცილებლობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობის მიღმა ტოვებს ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებისა), რომლებიც, როგორც აღინიშნა, შესაძლოა, იყვნენ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვის მქონენი. აღნიშნული მიდგომა, სასამართლოს მოსაზრებით, მოკლებულია რაციონალურ ახსნას. შესაბამისად, დადგენილი დიფერენცირება არ არის რაციონალურ კავშირში იმ შშმ პირების ხელშეწყობასთან, რომლებიც გადაადგილებისას საჭიროებენ დახმარების განსაკუთრებულ აუცილებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო რეგულირება არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია აქ: https://bit.ly/3Uq35ve