შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თეა ახვლედიანმა გამოსვლისას ისაუბრა სასკოლო კონკურსის ინიციატივის მნიშვნელობაზე, რომელიც სიმონ კანანელის ხსენების დღეს უკავშირდება და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კულტურულ, ადამიანურ და ქრისტიანულ კავშირებს.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ნდობისა და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება და განვითარება წარმოადგენს ძლიერ ქართულ სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის უალტერნატივო გზას. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილე მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები და მოსაზრებები გამსჭვალულია სულისკვეთებით, რაც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთგაგების საფუძველს ქმნის, ამავდროულად აძლიერებს რწმენას, რომ ახალგაზრდა თაობას თავისი ენერგიით, იდეებითა და შესაძლებლობებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სამშვიდობო პროცესებში.
„მნიშვნელოვანი და მისასალმებელია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სასკოლო სკოლის ინიციატივა, რაც სრულად ეხმიანება და ემსახურება შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განზომილებაა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სამშვიდობო პროცესში მათი როლისა და ჩართულობის გაძლიერება, მხარდაჭერა. დღევანდელი საკონკურსო თემატიკის ფარგლებში იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც არც უცხოვრიათ აფხაზეთში, წარმოადგინეს იმ ღირებულებებითა და ემოციებით გამსჭვალული ნააზრევი, რაც ეფუძნება მშვიდობისა და ნდობის მშენებლობის გზაზე ჩვენი საერთო მომავლის რწმენას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. კონკურსში 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ფორმატში – ესეს, ვიდეორგოლის, ინტერვიუს, ნახატის, კონცეფციისა და სხვა შემოქმედებითი ნამუშევრების სახით 1270 პროექტი წარადგინა. ღონისძიების დასასრულს კონკურსის გამარჯვებულები კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.




