საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განც ხადებას ავრცელებს. 

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე, ვერა დოლიძის 19 თებერვლის განჩინებით, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 13 თებერვალს, ხელახლა მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს, შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

საჩივარში მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს აკისრებდა ვალდებულებას, პირველ რიგში, დასაშვებად ეცნო საჩივარი, შემდგომ კი, მიეღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მზია ამაღლობელის ადვოკატების მხრიდან სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა ახალი არსებითი გარემოებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ სასამართლოს გადაეცა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. აღნიშნულით დასტურდებოდა დაკავების უკანონობა. შუამდგომლობას ასევე, დაერთო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ გადმოცემული მასალების მიხედვით, საქმეზე მხოლოდ სამართალდამცავები არიან გამოკითხულნი. სასამართლოს ასევე, გადაეცა მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმი.

დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებული ახალი არსებითი გარემოებები სრულიად აბათილებს ბრალდების მხარისა და სასამართლოს მიერ განვითარებულ ჰიპოთეტურ დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობს მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რაიმე საფრთხე. კერძოდ,:


- დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს, მას არ მიუყენებია შეურაცხყოფა არცერთი სამართალდამცავისთვის და ასკ-ის 173-ე მუხლით შედგენილი დაკავების ოქმი უკანონოა. შესაბამისად, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საფრთხეზე საუბარი ყალბ დაკავების ოქმზე დაყრდნობით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია;


- მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმი, ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებთან ერთად ქმნის მომხდარის სრულ სურათს. აღნიშნულ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ის ფაქტიც, რომ საქმეზე მხოლოდ სამართალდამცავები არიან გამოკითხულნი, რომლებზე ზემოქმედებაც შეუძლებელია მოახდინოს ბრალდებულმა. ზემოთქმული არგუმენტები არ ტოვებს თეორიულ საფუძველსაც კი მოწმეებზე ზემოქმედებისა, არათუ მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებით სპეკულაციისთვის.

ყოველივე აღნიშნულისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემაც უგულებელყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი.

მსგავსად ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მოსამართლე ლევან ყოლბაია) 14 თებერვლის განჩინებისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ვერა დოლიძეც ასევე, არ მსჯელობს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ არცერთ გარემოებაზე, არ განიხილავს და არ აფასებს მათ. ამასთან, მოსამართლე ასევე არ ასაბუთებს, რატომ მიიჩნია არაარსებითად დაცვის მხარის მიერ წარდგენილი რომელიმე ახალი არსებითი გარემოება/მტკიცებულება. მოსამართლე 17 გვერდიანი განჩინების 14 გვერდს უთმობს დაცვის მხარის საჩივრისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების თეზისების კოპირებას, იგი ბოლო გვერდზე მხოლოდ ერთ აბზაცში სრულიად შაბლონურად და უარგუმენტოდ უთითებს, რომ არ არის წარმოდგენილი ახალი არსებითი გარემოება, რაც შესაძლოა გამხდარიყო პატიმრობის შეცვლის წინაპირობა. თავად ის გარემოება, რომ დაცვის მხარის არგუმენტების ციტირებას მოსამართლე უთმობს 14 გვერდს, მიუთითებს იმაზე, რომ საჩივარი დასაბუთებული იყო და მოსამართლეს იგი არა თუ  უნდა დაეშვა, არამედ უნდა დაეკმაყოფილებინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მორიგი უკანონო, რეპრესიული და ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტს აცდენილი სამართლებრივი აქტი, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ  ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულბამ არ მისცა მის მიმართ შერჩეული უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მზია ამაღლობელის უფლებების დამცველები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

იურიდიული ფირმა BLB  და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი;

ადვოკატი, რაჟდენ ხიმშიაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი დგებუაძემ განაცხადა:  "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".

მზია ამაღლობელმა დაკავების დღიდან 38 დღე იშიმშილა. ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საპატიმრო დაწესებულებიდან სამედიცინო დაწესებულება "ვივა მედშია" გადაყვანილი. გუშინ კი განაცხადა: "ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა"