მედიის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გაზეთ „ბათუმელებისა“ ​​და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.

„ამაღლობელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა – რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – ბათუმის პოლიციის უფროსთან, ირაკლი დგებუაძესთან შელაპარაკების შემდეგ. ამაღლობელი პირველად 11 იანვარს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის განყოფილების შესასვლელთან, კედელზე დაგეგმილი გაფიცვის შესახებ სტიკერი გააკრა. შემდეგ ის გაათავისუფლეს და პოლიციის განყოფილების გარეთ, თანამოაზრეებთან საუბრისას, პოლიციამ რამდენიმე მათგანის დაკავება დაიწყო. ამან ამაღლობელსა და დგებუაძეს შორის დაპირისპირება გამოიწვია, რა დროსაც ამაღლობელს დგებუაძისთვის სილის გაწვნაში ადანაშაულებენ. შემდეგ მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით („თავდასხმა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე ან სხვა საჯარო მოხელეზე ანდა დაწესებულებაზე“), მძიმე დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე. 14 იანვარს ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 15 იანვარს ნონა ქურდოვანიძემ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ – თბილისში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, განაცხადა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა და დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდა წყალს და საპირფარეშოს გამოყენების უფლებას.

ორი დღის შემდეგ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოავლინა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელია თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაზე, იცოდა ამ არასათანადო მოპყრობის ბრალდებების შესახებ. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ შსს-მ დეტალური ინფორმაცია უშუალოდ სავარაუდო მსხვერპლისგან მიიღო. 20 იანვარს ამაღლობელმა შიმშილობა გამოაცხადა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა აჩვენებს, რომ სილის გაწვნას არ ჰქონდა საკმარისი ძალა ზიანის მიყენებისთვის და, შესაბამისად, არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებისთვის საჭირო სიმწვავის ზღვარს“.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამაღლობელის დაკავებამდე „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე დგებუაძის მხრიდან ვერბალური თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

„„ბათუმელებს“ ამის შესახებ არაერთხელ დაუწერიათ და დგებუაძის მმართველობის ქვეშ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ცნობები წარუდგენიათ. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გურამ მურვანიძეს, ოპერატორსა და „ბათუმელების“ ფოტოგრაფს. მურვანიძე პოლიციამ 12 იანვარს აქციის გაშუქებისას დააკავა. პროკურატურა მას სამართალდამცაველების კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დევნა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საფუძვლიან გამოძიებას მზიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, მათ შორის, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI); „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF); „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ (EFJ);  „სამოქალაქო უფლებების დამცველები“ (CRD);  „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მედიაორგანიზაცია“ (SEEMO).

განცხადება ორგანიზაცია „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი. 

ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი დგებუაძემ განაცხადა:  "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან - 38 დღე იშიმშილა. ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საპატიმრო დაწესებულებიდან სამედიცინო დაწესებულება "ვივა მედშია" გადაყვანილი. 

გუშინ კი განაცხადა: "ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა"