საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდანარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხებება 2025 წლის 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი და უკანონო იყო მზია ამაღლობელის დაკავების პროცესი, რადაგან თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. სწორედ აღნიშნულის გამო მიიღო მან დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.

მზია ამაღლობელი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენს დაზარალებულს. მას დაკავების დღესვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ, რომლის დასკვნის  მიხედვითაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. 

საქმის მასალების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ არსებობს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. ამ მიზნით უკვე არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიუხედავად, ამ დრომდე დაზარალებულად ცნობაზე წერილობითი უარიც კი არ მიგვიღია. ამ ფაქტზე, საჩივრით მივმართეთ გენერალურ პროკურორსაც. ამ დრომდე არც საჩივართან დაკავშირებით, მიგვიღია შესაბამისი პასუხი.

ამდენად, 2025 წლის 24 თებერვალს, საიამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა სასამართლომ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ხსენებულ საქმეში. დაზარალებულის სტატუსი მას მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით." - ნათქვამია საიას გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის შეცვლაზე ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

სააპელაციო სასამართლოში 14 თებერვლის ის გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რომლითაც ბათუმის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე ასევე უარი თქვა.