სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში (უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონი) სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლის შენობის ორივე კორპუსსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში მიმდინარეობს, რის შედეგადაც ისტორიული ძეგლის იერსახე სრულად აღდგება. პარალელურად, სკოლა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე უსინათლო და მცირე მხედველი მოსწავლეებისთვის. შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სამედიცინო ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და სახელმძღვანელოებით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნისა და სარეკრეაციო სივრცის კეთილმოწყობა.
სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დღეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ლევან სუხიტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი უსინათლოებისა და მცირე მხედველთათვის სრულად ადაპტირდება, დაიგება ტაქტილური ფილები და შუქნიშნის ხმოვანი სიგნალის სასურველ რეჟიმზე გადართვა შესაძლებელი გახდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის, აქტიური ჩართულობით დაიგეგმა.
სკოლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალი სასწავლი წლისთვის დასრულდება.