გელა ლიპარტელიანის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტმა მთელი რაიონი შეძრა და არა მხოლოდ რაიონი. მისი გამორჩეული ადამიანური თვისებებისა და პროფესიისადმი თავდადბის შესახებ სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს. ნაცნობებიც და უცნობებიც...
"ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელ გზაზე, ძლიერი თოვის შედეგად ჩამოშლილ მთის მასაში მოყოლილი ავტომანქანა სამაშველო სამაუშოების განხორციელების შედეგად ამოიყვანეს.
სამწუხაროდ გარდაცვლილია (ერთი პირი- მძღოლი) ცაგერის რაიონის სოფელ ისუნდერში მცხოვრები- გელა ლიპარტელიანი, რომელიც სოფელ ჩქუმის, ზუბის და ისუნდერის საჯარო სკოლებში უცხო ენის პედაგოგად მუშაობდა." - ამ ინფორმაციამ გუშინ მთელი რაიონი შეძრა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე დილიდან მოადგილესთან-ლევან ზალკალიანთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს, კოლეგებს და თითოეულ ლეჩხუმელს.
როგორც ყვებიან, თვითონ ლეჩხუმიდან წასული იყო ოჯახი და სულ ორი წელია ეს დაბრუნებულა მამის კერაზე,სოფელ ისუნდერში..ლტოლვილი იყო,სოხუმში იყო ადრე ოჯახი,მერე რამდენიმე წელი ყოფილა საბერძნეთში და მობრუნდა ინგლისურის მასწავლებლად. როგორც ამბობენ,სოფელში ყველას გაჭირვების ტალკვესი,საკუთარი მანქანით ემსახურებოდა ყველას,უსასყიდლოდ,თუ რამე სჭირდებოდათ..ისუნდერში,ძირითადად,მოხუცები ცხოვრობენ..
"მშობლიური კუთხის სიყვარულსა და პროფესიულ მოვალეობას შეწირული მასწავლებელი!
"სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ დღეს კოლეგებმა: საკუთარი მანქანით მეზობელ სკოლაში მიმავალი მასწავლებელი მთის ჩამოშლილმა მასამ და ლოდებმა მოიყოლა და ამ დრომდე ამოყვანა ვერ ხერხდებაო! ისუნდრის სკოლაში ვერ ასულა გუშინ დიდთოვლობის გამო და..ჩქუმში ავალ და დავრჩები,ხვალ იქ მაქვს გაკცეთილებიო,- დაურეკავს ოჯახში. დაზაფრული ვარ!..გული მიკვდება! პროფესიულ მოვალეობას და მაღალ პასუხისმგებლობას შეეწირა გელა ლიპარტელიანი...
მშობლიური კუთხის სიყვარულმა გელა ისუნდერში დააბრუნა..მთელი დღეა იმედს ვებღაუჭები,3-4 დღის შემდეგ რომ ამოჰყავთ მიწისძვრისას შენობებქვეშ მოყოლილები,იქნებ სასწაული მოხდეს მეთქი,თუმცა,წარმოუდგენელიაო,ამბობენ!..მანქანას ლოდები აყრია და 20 მეტრზე ჰყავს ნათრევიო. ჩვენი მამაკაცი კოლეგები მთელი დღე იქ არიან,ჩვენ კი უფალს სასწაულის დაშვებას ვთხოვთ!
p.s.გარდაცვლილი ამოუყვანიათ ახლახან!..მართალთა გვერდით განუსვენოს უფალმა!.თანავუგრძნობ ჭირისუფალს:ოჯახს,ნათესავ-საახლობლოს,ისუნდრის,ზუბისა და ჩქუმის სკოლის კოლეგებს,მთელ ლეჩხუმსა და ჩვენს საგანმანათლევლო სისტემას. - წერს მთვარისა ახვლედიანი-ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი.
"ლეჩხუმში მივდიოდი, ჩემს სოფელში. შემოგვაღამდა, გზა იყო გაფუჭებული და ვერ ავედით სახლამდე - ტრასაზე გავჩერდით. მე აგიყვანთო - მანქანა გაჩერდა. არ მეცნო. მე გიცნობთო. მეზობელი სოფლიდან აღმოჩნდა - აფხაზეთში ვიყავით გადასახლებული, მერე მე დავბრუნდი, სოფელში ინგლისურს ვასწავლიო. აგვიყვანა, აგვარბენინა. ვეპატიჟე, არ შემოგვყვა სახლში. ვაიმე, რა ვაჩუქო-მეთქი და წიგნი მომხვდა ხელში, აფხაზეთის ომის ანთოლოგია. ამაზე უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდით, ალბათ იმიტომ შეგხვდით დღეს, რომ ეს წიგნი გეჩუქებინათო.
ახალგაზრდა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი - დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს. ზვავმა მოიყოლა მანქანით.
დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცაგერში ზვავმა მამაკაცი მოიყოლა.
თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რომ ზვავმა მოიყოლა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა სოფელში იმისთვის, რომ ესწავლებინა ბავშვებისთვის ინგლისური. და არა მარტო.
კომენტარად ვდებ ფოტოს, ფბ-მეგობრის გვერდიდან წამოვიღე: იცნობდეთ - ასე გამოიყურებოდა სტიქიას და პროფესიას შეწირული მასწავლებელი." - წერს ჩვენი კოლეგა ნანა აკობიძე.
მისი კოლეგა მწერს ახლა: იმ სოფელში, სადაც ასწავლიდა, ერთი ბებერი ძაღლი იჯდა ხოლმე ასასვლელში, თითქოს ვიღაცას ელოდებაო. ერთხელაც ერთად წამოვედით სკოლიდან მე და გელა და ვხედავ - გამოიქცა ეს ძაღლი გელასკენ, ამან გააღო საბარგული და ამოიღო პური და მისცა - თურმე ამას ელოდა, ასე კვებავდა ყოველდღეო...
"აიპრესი" მადლობას უხდის ბელა საღინაძეს ინფორმაციების მოპოვებაში გაწეული დახმარებისთვის.