„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ფონდი „ქართუ“- ს დამსახურებით ქალაქს ექნება ახალი რეკრეაციული სივრცე, რომელსაც არასდროს არაფერი დაემუქრება. რაც შეეხება თამარაშვილის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობას, რომელსაც დღეს განვიხილავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქს ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული პროექტი შეემატება“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ გააკეთა.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა გაიხსენა, წინა ხელისუფლების დროს, თუ როგორ იგეგმებოდა იპოდრომის ტერიტორიის სრული განაშენიანება. ოთარ გრიგოლიას თქმით, სწორედ ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით მოხერხდა იპოდრომის ტერიტორიის ქალაქისთვის დაბრუნება.
„დღეს საოცარი სურათი ვნახეთ, როდესაც ჩვენი ოპონენტები, ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ იპოდრომის ტერიტორიის სრული განაშენიანება მომხდარიყო, თურმე შეშფოთდნენ იმაზე, რომ აღნიშნული ტერიტორიის მცირე ნაწილზე მშენებლობა უნდა განხორციელდეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ესწრებიან დღევანდელ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. სწორედ მათი პოლიტიკური მემკვიდრეობაა ის, რაც იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. მათ მორალური უფლება არ აქვთ ისაუბრონ იპოდრომზე. ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს ის, რომ 40 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცე თბილისს დაუბრუნდა, არაფერს ნიშნავს“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.