თბილისში, სასტუმროში „პარაგრაფი თბილისი“,  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი მიმდინარეობს სახელწოდებით  „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. 

ფორუმის მეორე დღეს ერთ-ერთ სესიაზე - ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში -  თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე მონაწილეობდა.

ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებისთვის ახალ სამართლებრივ ველზე, რომელიც მათ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესების პარალელურად უნდა აითვისონ. მისი თქმით, საქართველოსთვის მომდევნო საეტაპო მნიშვნელობის საფეხურია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირში ინტეგრაცია მრავალგანზომილებიანი პროცესია, ის მოიცავს  პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ განზომილებებს, რომლებიც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ე.წ. Acquis Communautaire-თან, ანუ ევროკავშირის სამართლებრივ კორპუსთან. აქ აუცილებელია საქართველოს მუნიციპალიტეტები  კარგად იყვნენ ინფორმირებული და ნათლად აცნობიერებდნენ, რომ Acquis-ის 70%-ის იმპლემენტაცია, საბოლოო ჯამში, ადგილობრივ დონეზე უნდა განხორციელდეს. ამიტომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, როდესაც ეს მოლაპარაკებები გაიხსნება, აუცილებელია, რომ ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობები“,  - განაცხადა ნინო რუხაძემ.

ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ადგილობრივ    თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზეც ისაუბრა.

„ათეა-ს მთავარ მისიად სამართლებრივ სფეროში,  ერთი მხრივ, იმ მექანიზმების ამუშავება მიმაჩნია, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტების ჩართულობას საკანონმდებლო საქმიანობაში - ეს არის ტრადიციული და ერთ-ერთი მთავარი როლი, რომელსაც თვითმმართველობების ასოციაცია ასრულებს ყველა ქვეყანაში და, მეორე მხრივ, პირობების შექმნა და ადვოკატირება, რომ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის უზრუნველყოფა მოხდეს“, – დასძინა ნინო რუხაძემ.