„ევროპულმა საბჭომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი დღე აქვს დღეს მთელ ქვეყანას. ქართველი ხალხი თავისი საუკუნოვანი ოცნების ახდენას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით მიუახლოვდა.
„ევროპის საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ერთადერთი და სწორი იყო. ამ გადაწყვეტილების გამოტანაში თავისი წვლილი შეიტანეს საქართველოს მუნიციპალიტეტებმა, პირველ რიგში, თბილისმა. გავიხსენებ მიმდინარე წლის ივნისში თბილისში გამართულ ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს პოლიტიკური კომიტეტის სხდომას, რომლის დამსწრე ევროპის კონტინენტის მუნიციპალიტეტების არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ თბილისი ნამდვილი ევროპული ქალაქია და ისინი აქ თავს ევროპაში გრძნობენ“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
საკრებულოს წევრის თქმით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მმართველობის ყველა დონეზე, მათ შორის თვითმმართველობების დონეზე, ჩვენ ევროპული სივრცის ნაწილად მოგვიაზრებდნენ და რომ ჩვენც თანამონაწილენი ვართ ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებისა.
ნინო რუხაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ ნუ წაართმევენ საკუთარ თავს ამ არაჩვეულებრივი გრძნობის თანამონაწილეობის განცდას.
ნინო რუხაძემ სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებული კვლევებით, თბილისის ბიუჯეტი განაწილების თვალსაზრისით ევროპული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებლებს სრულად შეესაბამება.
„წარმოდგენილი ბიუჯეტი არის მკვეთრად სოციალური აქცენტით, რაც თბილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მხრიდან გაკეთებული სწორი და თანამოქალაქეებისადმი სოლიდარობის გამომხატველი გზავნილია,“ - განაცხადა ნინო რუხაძემ.