ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე, რომელზეც ადგილობრივ ხელისუფლებას სამართლებრივ ჭრილში განიხილავდნენ, მოხსენებით თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნინო რუხაძე გამოვიდა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ქალაქები სულ უფრო და უფრო იმკვიდრებენ თავს, როგორც ძალაუფლების ახალი ცენტრები და ყალიბდებიან არა მხოლოდ მსხვილ ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრებად, არამედ მნიშვნელოვან რეგიონულ თუ გლობალურ საგანმანთლებლო, კვლევით, ინოვაციურ, კულტურულ ჰაბებად.
„აღნიშნული ტენდენციების ფონზე ბუნებრივია, რომ ქალაქებს და ზოგადად ადგილობრივ თვითმმართველობებს უჩნდებათ უფრო ფართო ასპარეზზე გასვლის სურვილი და გარკვეულწილად საჭიროებაც. სწორედ ამით აიხსნება, რომ უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გააქტიურება საერთაშორისო სარბიელზე, მათ შორის საერთაშორისო სამართლის სისტემის ფარგლებში. ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე შექმნილ საერთაშორისო ლანდშაფტს რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ ის სტრუქტურები, თანამშრომლობის ის ფორმატები და პროცესები, რომლებიც საერთაშორისო სამთავრობოთაშორის დონეზე გვხვდება, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზეც იკიდებენ ფეხს“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, საერთაშორისო სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობების ასეთმა გააქტიურებამ განაპირობა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის გაზრდა საერთაშორისო-სამართლებრივ პროცესებში. ნინო რუხაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები გახდნენ გარკვეულ სფეროებში, ფლაგმანები საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საქმეში. თბილისის საკრებულოს წევრის თქმით, პირველ რიგში, ეს არის გარემოს დაცვის სფერო. იგივე შეიძლება ითქვას კონვენციაზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ამას გარდა, როგორც ნინო რუხაძემ განაცხადა, ადგილობრივ თვითმმართველობებს შესაძლებლობა მიეცათ გარკვეულწილად განსაზღვრონ საერთაშორისო სამართალშემოქმედების დღის წესრიგი.
„შეიძლება მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მაგალითი, თუ როგორ იზრდება, სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება მუნიციპალიტეტებისა და საერთაშორისო სამართლის ურთიერთქმედება. თუ ადრე საერთაშორისო სამართალი და ადგილობრივი თვითმმართველობები არსებობდნენ პარალელურ სივრცეებში და მათ არ ჰქონდათ გადაკვეთის წერტილები, დღეს ვითარება არსებითადაა შეცვლილი და შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სამართალი იქცა ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში, კერძოდ, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ადგილობრივი თვითმმართველობები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ცენტრალური ხელისუფლებისთვის ღირებული პარტნიორები არიან“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
ნინო რუხაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს ადგილობრივ თვითმმართველობებს საერთაშორისო სისტემა და საერთაშორისო სამართალი. მისი თქმით, საქართველოს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ამ შესაძლებლობებით აქტიურად უნდა ისარგებლონ.