იქნება სიმდაბლე - იქნება სიყვარულიც და იქნება სიხარული დედამიწაზე... წმინდათა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ლოცვით, უფალმა მოგვცეს ძალა, რომ ვიღვაწოთ სიყვარულისა და სიმდაბლის მოსახვეჭად, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
" სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ წმინდათა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ხსენებას. ეს დიდებული მოციქულები და მათთან ერთად მთელი მოციქულთა დასი მოგვმართავენ მოწოდებით, რომელსაც შეძლებისდაგვარად უნდა ვუპასუხოთ. ეს არის ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მოწოდება. ეს არის თვით უფალ იესო ქრისტეს მოწოდება, რომლის სიტყვებსაც მოციქული მარკოზ მახარებელი ასე გადმოსცემს: „წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა დაბადებულს“ (მკ. 16, 15), ხოლო მათე მახარებელს უფალ იესო ქრისტეს ასეთი სიტყვები მოჰყავს: „ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე (მთ. 10, 32). რას ნიშნავს, აღიარებდე ქრისტეს? ეს ნიშნავს იქადაგო ქრისტე და იქადაგო მისი სახარება.
და რას ნიშნავს სახარების ქადაგება? ქრისტეს სახარება ეს არის სახარება სიყვარულზე, რომელიც ღმერთია და რომელიც ყოველ ჩვენგანშია, მაგრამ ეს სიყვარული უნდა გაიხსნას ჩვენში და მაშინ გაიხსნება ჩვენში საღვთო საწყისი. სწორედ ესაა ქრისტიანული ცხოვრების აზრიც, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს... მქონდეს ისეთი რწმენა, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არ მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგია“ (1 კორ. 13, 2-3).
მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენში გაიხსნას ეს სიყვარული, საჭიროა ღვაწლი, რადგან სიყვარული არის ისეთი ნიჭი, რომელიც ღვაწლის შედეგად მიიღწევა, ძვირფასო ძმებო და დებო; ხოლო ის ღვაწლი, რომელიც ხსნის ჩვენში სიყვარულს, არის სიმდაბლის ღვაწლი! სადაც არის სიმდაბლე, იქ არის სიყვარული! სადაც სიმდაბლე არ არის, იქ არ არის სიყვარული, იქ არც სახარებაა, იქ არ არის ქრისტიანობა.
მაშასადამე, იმისთვის, რომ გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანი, საჭიროა, მოვიხვეჭოთ სიმდაბლე. რადგან მხოლოდ სიმდაბლე ხსნის ჩვენში სიყვარულს, რომელიც არის მსახურება ღვთისა, მსახურება ადამიანისა და მსახურება ქრისტესი მისი მცნებების დაცვით.
დღეს ჩვენ ვკითხოთ ჩვენს თავზე: საკმარისად გვაქვს ეს სიყვარული? სამწუხაროდ, არა. რატომ? იმიტომ, რომ არ გვაქვს სიმდაბლის სათნოება, რადგან სიმდაბლის გვეშინია, გავურბივართ და ძალიან ძნელი გვგონია. მაგრამ, სინამდვილეში, ის არ არის ძნელი, როგორც ამბობს უფალი, რომ: „უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მთ. 11, 30). ცხოვრება ყოველ ნაბიჯზე გვთავაზობს საბაბს სიმდაბლისთვის, ვიქნებით ქუჩაში, ტრანსპორტში თუ სამსახურში... რითიც არ უნდა ვიყოთ დაკავებული, რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ის საქმე უამრავ საბაბს იძლევა სიმდაბლისთვის. მეტიც, მხოლოდ მაშინ არის ის საქმე წარმატებული, როცა მას თან ახლავს სიმდაბლე და იხსნება ჩვენში სიყვარული.
ამიტომ ყოველთვის ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ქრისტესადმი სიყვარული და ძალა სიმდაბლის ღვაწლისთვის. იქნება სიმდაბლე - იქნება სიყვარულიც და იქნება სიხარული დედამიწაზე, ყოველ ნაბიჯზე გვექნება ეს სიხარული, რომელიც შემდეგ ჩვენთან ერთად გადავა სხვა ცხოვრებაში, გაძლიერდება, შეიცვლება, გახდება მარადიული და საღვთო დიდებაში მყოფობის სიხარულად გადაიქცევა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, პეტრე-პავლობის დღესასწაულს.
წმინდათა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ლოცვით, უფალმა მოგვცეს ძალა, რომ ვიღვაწოთ სიყვარულისა და სიმდაბლის მოსახვეჭად. სწორედ ეს იქნება ჩვენი პასუხი სამოციქულო ეკლესიის მოწოდებაზე, რომელზეც მოგახსენეთ და რომელიც განსაკუთრებულად გვესმის დღეს, როცა წმინდათა, ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებას ვდღესასწაულობთ, ამინ!"