„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების სარჩელები გაერთიანდება - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მედიასთან განაცხადა.
„ეს სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად. მინიმუმ, ერთი თვე დასჭირდება ალბათ. ჩვენ სარჩელები და კანონი არა მარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ, ასევე შედარებითი სამართლებრივი კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას მინიმუმ, რამდენიმე კვირა, ერთ თვემდე მაინც დასჭირდება. სარჩელი განიხილება პლენუმის ფორმატში. მოსამართლეები ამ ეტაპზე სწავლობენ სარჩელებს. მოსამართლეები შეიკრიბებიან ისე, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - აღნიშნა მერაბ ტურავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაასაჩივრა.