„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი თავის ფაქტობრივ შედეგს ძალიან მალე დადებს და საქართველოს მოსახლეობას სულ ცოტა ხანში ეცოდინება ის, რასაც მას აქამდე უმალავდნენ, რითაც ქვეყნის მორჩილებას ცდილობდნენ და დღემდე, უარგუმენტოდ „რუსული კანონის“ ძახილით ქვეყანას არყევენ და ცდილობენ შეაფერხონ გამჭვირვალობის პროცესი“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ძლიერი ბიძგისა, რომ საზოგადოებას წაუკითხავად გაეპროტესტებინა საკუთარი სიკეთე - ოპოზიციამ, თავის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დაკვეთა ვერ შეასრულა და მისმა ურეიტინგობამ და ტყუილმა ქუჩაში დესტრუქციული მუხტი სწრაფად ჩაახშო.
„დასავლური კანონი, რომ საქართველოში რუსულია, ამან საზოგადოებაში ფეხი ვერ მოიკიდა და ყველაფერს სწრაფად მოეფინა ნათელი. პროცესის გაჯანსაღებას ხელი შეუწყო თავად დასავლეთში გამჭვირვალობის კანონის მოთხოვნის ზრდამ და ზოგიერთმა ქვეყანამ ჩვენ შემდეგ დაწყებული საკანონმდებლო პროცესი ჩვენზე ადრე დაასრულა. ზოგი ინიციირების პროცესშია, ზოგიც მის საჭიროებაზე ინტენსიურად ალაპარაკდა. საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად გაუგონარი ზეწოლისა, ქართული კანონი მყარი უმრავლესობით დაამტკიცა, ვეტოც დაძლია და გამჭვირვალობა შეუქცევად პროცესად აქცია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, დესტრუქციულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ხსნად თბილისის ცენტრში მაიდნის მოწყობა განიზრახეს და ამისათვის გარდა გზავნილისა, თავად დასავლელი პოლიტიკოსები მოავლინეს და ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებით წარუდგინეს პოლიტიკურ უმცირესობას.
„სანახაობრივი სცენები და პერფორმანსი ძალადობის გაკეთილშობილების მიზნით, უმცირესობის ერის ხმად გასაღება, პოლიტიკოსების დევნა და მათ შვილებზე ნადირობა, ეკლესიასა და რწმენაზე თავდასხმა, ყველაფრის რუსულად მონათვლა და საპირისპირო აზრის მკვეთრად მიუღებლობა, ლგბტ პროპაგანდა და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფა - ეს არის ბრძოლის ის ინსტრუმენტები რა დავალებითაც მოქმედებს დღეს საქართველოში აგენტურა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.