თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი (Toradze International Music Festival) ლიანა ასათიანის ასი წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო სახელწოდებით - „მსუსხავი სილამაზე“ დასრულდა.

მარჯანიშვილის თეატრში გამართულ საღამოში, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, მონაწილეობდნენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი მაესტრო ნიკა  ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით და მეკო ქავთარაძის ახალგაზრდული კაპელა.

საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრნენ.

თორაძის ფონდის დამფუძნებელმა ნინო თორაძემ ლიანა ასათიანი და თორაძეების ოჯახი  გაიხსენა და საქართველოს კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს, ფესტივალის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

საღამოს დაწყებამდე ფესტივალის მასტერკლასების მონაწილე ოთხ ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსს - ანა პაიჭაძეს, მარიამ ურუშაძეს, ნინო თვაურსა და გიორგი არაბიძეს „თორაძის ფონდის“ ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.

ქართველი კომპოზიტორის, დავით თორაძისა და მისი შვილის, ცნობილი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძისადმი მიძღვნილი თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, „თორაძის ფონდისა“ და ფონდ ,,ქართულ გალობის“ თანამშრომლობით, 2023 წელს დაფუძნდა.