ვაკის რაიონის გამგეობასა და პოლონეთის ქალაქ ლომჟას მერიას შორის პარტნიორული ურთიერთობები გრძელდება. დამეგობრების მემორანდუმის ფარგლებში, გამგეობის წარმომადგენლები „ლომჟას დღეებს“ ესტუმრნენ. გაიმართა შეხვედრები ქალაქ ლომჟას მერთან, მარიუშ შრზანოვსკსა და სხვა ოფიციალურ პირებთან.
ვაკის გამგეობის წარმომადგენლები ლომჟასთვის მმართველობის უფლების მინიჭების 607-ე და ეპარქიის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ქალაქ ლომჟას დღესასწაულის ფარგლებში, ქალაქის პარკში ასევე საგზაო მონიშვნები დამონტაჟდა, რომელიც ლომჟადან ვაკემდე არსებულ მანძილს ასახავს. „ლომჟას დღეების“ მნიშვნელოვანი ნაწილი საფეხბურთო საერთაშორისო ტურნირი „ლომჟას თასი“ იყო, რომელშიც ვაკის რაიონის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო კლუბის მოზარდების გუნდმა „პლატომ“ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს, პოლონეთის და ლიეტუვას 12 გუნდს შორის დაძაბული მატჩების შედეგად „პლატოს“ ფეხბურთელებმა მე-5 ადგილი დაიკავეს. საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ჩხენკელი დასახელდა. ვიზიტის ფარგლებში, ვაკის რაიონის გამგეობის დელეგაციამ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში მიიღო, გაეცნო ლომჟას მუნიციპალიტეტის მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების და ტრანსპორტის მიმართულების სპეციფიკას, ასევე ქალაქის ისტორიასა და ტრადიციებს.