"ლტოლვილებთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით პრიორიტეტული ვარიანტი არ ვართ" - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ირანიდან დევნილთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, თუმცა მიიჩნევს, რომ თუ სიტუაცია გართულდა, ხალხი საზღვრებს მიაწყდება და პირველ რიგში ირანის სახმელეთო მეზობლებს მიადგება.
"ირანის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო თადარიგის დაჭერა, რომ რუსეთში მონახონ თავშესაფარი, ან თავიანთ ოჯახის წევრები მაინც გააგზავნონ. რაც შეეხება ირანელი მოქალაქეების ლტოლვილთა ნაკადს, აქ რამდენიმე ვარიანტია, შესაძლოა წავიდეს თურქეთის, აზერბაიჯანის, ან სომხეთის მიმართულებით, ახლა მასიურად რომელ მიმართულებას აირჩევენ, ამაზეა საუბარი.
"ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია და ტენდენციაა, რომ თუ მიდიან, ან მთებში აფარებენ თავს, ან ქალაქგარეთ გადიან და გაჰყავთ ოჯახები. ისე, რომ მასობრივად აწყდებოდეს საზღვრებთან ხალხი, ამ ეტაპზე ასეთი რამ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, რადგან მხარეები ერიდებიან დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, თუმცა, ომი ისეთ ფაზაში გადავიდა, რომ საფრთხე რა თქმა უნდა თანდათან იზრდება, შეიძლება ამან რეგიონული ომის სახე მიიღოს."შეიძლება უკვე ალიანსებიც ჩამოყალიბდეს, ჩემი ინფორმაციით, პაკისტანმა უკვე დაიწყო ირანისთვის შეიარაღების მიწოდება და პირდაპირ მხარი დაუჭირა, ასეთი პოზიცია დააფიქსირა თურქეთმაც, საუდის არაბეთმაც კი დაგმო ისრაელის საჰაერო იერიშები. არცერთი მხარე უკან არ იხევს და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ომი კიდევ გაიწელება, ამ შემთხვევაში შეიძლება ლტოლვილთა ნაკადები გაზიარდოს."აქ რომ შემოვიდნენ, სომხეთი და აზერბაიჯანი უნდა გამოიარონ და თუ ომი მწვავე ფაზაში შევიდა, შეიძლება გამწარებული ადამიანები ამ ქვეყნებს მიაწყდეს, საჰაერო გზით, აქ ბევრი მაინც ვერ შემოვა. საქართველოში არსებობენ სტრუქტურები, რომლებიც ლტოლვილების საკითხებს აგვარებენ. საინტერესოა აზერბაიჯანი და სომხეთი ნაკადს სად გაატარებს, ერთი ვარიანტია რუსეთის და მეორე საქართველოს მიმართულებით."ირანთან საჰაერო მიმოსვლა დაკეტილია და ამ მხრივ შემოსვლა ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომ ისევ სახმელეთო ვარიანტი შეიძლება, თუ წამოვიდა ნაკადი და ამ ნაკადმა გაარღვია ჯერ აზერბაიჯანის და სომხეთში შევიდა და მერე ალბათ ჩვენ მოგვადგებიან. ლტოლვილებთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით პრიორიტეტული ვარიანტი არ ვართ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.