თბილისის მერის განცხადებით, თუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ნიკა გილაურს სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, რაზედაც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს, ის მარცხისთვისაა განწირული.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ნიკა გილაურის მიერ უცხოელი ლობისტების დაქირავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„თუ გილაურს იმის სურვილი აქვს, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, რაზეც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს, თავიდანვე შემიძლია გითხრათ, რომ ის განწირულია მარცხისთვის. ის წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლებას, იყო პრემიერ-მინისტრი მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი უბედურება ხდებოდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ბიზნესის რეკეტის თვალსაზრისით. შესაბამისად, ასეთი წარსულის მქონე ადამიანი, მით უმეტეს, პოლიტიკაში, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, ნიკა გილაურმა "ფეისბუკში" დაწერა: "მინდა, დავადასტურო, რომ ჩვენი კომპანია „რეფორმატიკსი“ ვთანამშრომლობთ Continental Strategy-სთან. ეს არის ხელშეკრულება ორ კერძო კომპანიას შორის, ამაში დასამალი არაფერია. ამ ხელშეკრულებას როცა ვაფორმებდით, ვიცოდით, რომ შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდებოდა"