თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა „დიფ სთეითის“ და მისი მთავარი ამოცანა არის „დიფ სტეიტის“ დამარცხება. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე, მათ ინტერესებზე, იმაზეც, რომ ფესვები ძალიან ღრმად ჰქონდათ გადგმული საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათ აქვთ ინტერესები. შესაბამისად, პირველი უნდა მოხდეს „დიფ სტეიტის“ დამარცხება. ჩვენ ამას მაშინვე შევამჩნევთ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაზე.
საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ იმ დაპირებას, რაც გასცა „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.