თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საერთაშორისო კონკურსში THE WORLD CHORAL CUP 2024 გამარჯვებულ თსუ სტუდენტური კაპელას წევრებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა.

თსუ კაპელამ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო კონკურსში  თასი და ოქროს მედალი მოიპოვა.

„მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თითოეულ მის სტუდენტს ეს ჯილდო. თქვენი გამარჯვება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის წარმატებაა. უნივერსიტეტი ყოველთვის დაგიდგებათ გვერდში, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ საერთაშორისო ასპარეზზე“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ თსუ კაპელას წევრებთან შეხვედრაზე.

კონკურსში, რომელიც INTERKULTUR-ის ორგანიზებით ჩატარდა, მსოფლიოს 34 ქვეყნის 52 გუნდი მონაწილეობდა. კონკურსში ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 8 გუნდი გადავიდა ფინალურ ეტაპზე, მათ შორის იყო თსუ კაპელა, რომელმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

შეხვედრაზე თსუ კაპელას ხელმძღვანელმა ლაშა მიროტაძემ გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა 2015 წელს შეიქმნა. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს ქართული, ევროპული, აფრო-ამერიკული და თანამედროვე საგუნდო მუსიკის ნიმუშებს. დაარსების დღიდან გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და ეროვნულ კონკურსებში და არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.