თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძესთან ერთად უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი თანამშრომლები მედლით დააჯილდოვა, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეული უნივერსიტეტის იმ ადმინისტრაციულმა და დამხმარე პერსონალმა, რომელმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე უნივერსიტეტიდან წასვლა გადაწყვიტა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაციაც მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომელთაც მრავალწლიანი საქმიანობით მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის განვითარებასა და მისი ახალი ისტორიის შექმნაში. „გვინდა ჩვენი ღვაწლმოსილი თანამშრომლები დავაჯილდოვოთ და ქედი მოვიხაროთ მათი შრომის წინაშე. ისინი კვლავინდებურად იქნებიან იმ დიდი ოჯახის წევრები, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია. უნივერსიტეელობა არის ის ტვირთიც და ჯილდოც, რომელსაც ვერავინ ჩამოგვართმევს. თიოთოეული თქვენგანის მიმართ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას. სწორედ თქვენ ხართ იმ ლამაზი გარემოს შემქმნელები, სადაც სტუდენტებს უხარიათ ყოფნა და ამისთვის დიდი მადლობა“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

„თქვენი რჩევა-დარიგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ათეულობით წელი მოღვაწეობდით უნივერსიტეტის განვითარებისთვის, უამრავი ახალგაზრდა აღზარდეთ უნივერსიტეტში. ეს ჯილდო, რომელიც უნივერსიტეტმა გაიღო, არის მინიმალური, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა თქვენი ღვაწლის დაფასებისთვის“, - აღნიშნა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

პროგრამის ფარგლებში,  საპენსიო ასაკს მიღწეულმა უნივერსიტეტის პერსონალმა, რომელსაც 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობაზე მუშაობის 5 წლიდან 10 წლამდე სტაჟი დაუგროვდა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაცია - 5 თვის ჯამური ხელფასი მიიღო. ხოლო იმ პერსონალმა, რომელსაც 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი დაუგროვდა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაცია - 7 თვის ჯამური ხელფასი მიიღო; იმ პერსონალმა, რომელსაც 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მუშაობის 20 წელზე მეტი სტაჟი დაუგროვდა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაცია - 8 თვის ჯამური ხელფასი მიიღო.