თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ I საერთაშორისო ინგუშური სიმპოზიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

თსუ-ში სამი დღის განმავლობაში გაიმართება სესიები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მკვლევარი-ინგუშოლოგების პრეზენტაციები მთელი კავკასიიდან და საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებიდან. სამეცნიერო მოხსენებები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ინგუშური ეთნონიმიკა, ინგუშების ლინგვისტური და რელიგიური იდენტობა, ტერიტორიულ მთლიანობასა და სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებული საკითხები, ინგუშური დიასპორის წინაშე მდგარი გამოწვევები და საქართველოსა და ინგუშეთს შორის არსებული კულტურულ-ისტორიული კავშირები.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა მიმოიხილა საქართველოსა და ინგუშეთს შორის არსებული ურთიერთობების ისტორია. „ჩვენ ვხედავთ ინგუშეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული კულტურის ძეგლებს, ინგუშური კულტურის ძეგლებს, რომლებსაც აქვთ ქართული წარწერები. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერების ურთიერთობისთვის. ჩვენ ვართ მოძმე ერები. ინგუშეთთან ასეთი მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანია ყველა ქართველისთვის. უნივერსიტეტი მზად არის ქართულად დავბეჭდოთ წიგნი ინგუშეთის ისტორიაზე, რათა ფართო საზოგადოებამ უფრო კარგად გაიგოს ამ ამაყი ერის ისტორია“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, სიმპოზიუმი არ იქნება ერთჯერადი, უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება მხადამჭერი კავკასიოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმისა.

სიმპოზიუმი სახელწოდებით "ინგუშური იდენტობა: წარსულის რეპრეზენტაცია, თანამედროვეობის აქტუალური საკითხები და მომავლის პერსპექტივები" თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრის ორგანიზებით  იმართება.

სიმპოზიუმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ინტელექტუალური რესურსების მობილიზებას ინგუშური კვლევების მიმართულებით, ინგუშეთის ისტორიის რეპრეზენტაციას ქართულ წყაროთმცოდნეობით ბაზაზე დაყრდნობით  და ინგუშური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებებში.

სიმპოზიუმის ფარგლებში, გარდა აკადემიური სესიებისა, მოეწყობა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ინგუშური წიგნების (სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა) და პერიოდული გამოცემების გამოფენა. ასევე, გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით "კულტურული მემკვიდრეობის დაცვა: არქიტექტურის კონსერვაცია-რესტავრაცია". ეს სესია გააერთიანებს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდს საქართველოდან, რათა გაუზიარონ ცოდნა ინგუშ კოლეგებს რესტავრაციისა და კონსერვაციის თეორიის, სამეცნიერო პრინციპებისა და არქიტექტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სტრატეგიებზე.