2023 წლის 4 მაისს ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე გაიმართება ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის, თიკა სვანიძე-ვენკოსა და ტექსელის მოვლენების მკვლევრის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის - „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა" - გახსნის ცერემონია.
ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის აღმართვაში მონაწილეობას მიიღებენ კუნძულ ტექსელის მერია და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტრო.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო. მემორიალის დიზაინის ავტორია ბელგიის სამეფოში მოღვაწე ქრთველი მოქანდაკე, რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე. 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე ამოტვიფრულია ტექსელის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ჯარისკაცების გვარ-სახელები.
მემორიალის დადგმით მსოფლიო საზოგადოებისათვის ტექსელის აჯანყების დღემდე უცნობ ფაქტებს მოეფინება ნათელი. ჩვენი ისტორიული მეხსიერება გამდიდრდება იმ ქართველი, აფხაზი, ოსი, ქართველი ებრაელი ჯარისკაცების შესახებ ახალი ინფორმაციით, რომელთა გვარ-სახელები მივიწყებას იყო მიცემული. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება კუნძულ ტექსელზე ქართველთა აჯანყების საარქივო მასალებზე დაყრდნობით. მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ათამდე ქვეყნიდან, ტექსელის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები საქართველოდან.
„ეს ისტორიული დღეა, რომლისკენაც დიდხანს მივდიოდით. რამდენიმე წლიანმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წლის აჯანყებაში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნის საპატივცემულოდ მემორიალური დაფა გაიხსნება. 1999 წელი იდგა, მეოცე საუკუნის მიწურული, როცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელს ვეწვიე. ერთად მივაგეთ პატივი მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვას. მაშინ პატრიარქმა მითხრა სიტყვები, რომლებმაც მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა: „თიკა, შვილო, შენისთანა ქართველები გადაარჩენენ საქართველოს. ოღონდ უნდა დაბრუნდე. შენი დედასამშობლო ყოველთვის გელისო“. ეს სიტყვები სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში, როგორც ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი და მრწამსი. მას შემდეგ არაერთხელ დავბრუნდი ტექსელზე. ეს კუნძული ხომ ნიდერლანდელი და ქართველი ხალხის მეგობრობის და, ასევე, იმ, ერთდროულად, გამარჯვებისა და ტკივილის სიმბოლოა, რომელიც მათ ერთად განიცადეს. რამდენჯერაც ტექსელის გმირების საფლავების წინ აღმოვჩნდებოდი, გული მეწურებოდა, რომ საქართველოს დროშის ნაცვლად, სსრკ-ს მახინჯ ნიშანს - ნამგალსა და უროს ვხედავდი. საბჭოთა ხელისუფლებამ, როგორც სხვა ყველაფრის, ტექსელის აჯანყების ისტორიის მითვისება, მისაკუთრებაც სცადა. მე კი მინდა ვთქვა, რომ იქ, 1945 წლის გაზაფხულის დამლევს, ქართველი მებრძოლები დაიღუპნენ. დიახ, ისინი სულით ხორცამდე ქართველები იყვნენ და არა არარსებული, გამოგონილი საბჭოთა ნაციონალობის წარმომადგენლები... სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე დამედგა მემორიალური დაფა, რომელიც უკვდავყოფთა ქართველი მებრძოლების ხსოვნას. ეს ინიციატივა კუნძულის ადგილობრივ თვითმმართველობასაც გავაცანი და მის განსახორციელებლად ფინანსური რესურსიც თავად გავიღე“ - აცხადებს ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის დამაარსებელი თიკა სვანიძე-ვენკო.