საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) მორიგი პრესკონფერენცია გამართა, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა მათი დასკვნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების გამო, ISFED არჩევნების შედეგებს ქართველი ამომრჩევლის ნების გამოხატულებად არ მიიჩნევს.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს შორის ხმის ფარულობის დარღვევა იყო ერთ-ერთი "ცენტრალური და მასშტაბური" პრობლემა.

"ჩვენი შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე და არჩევნების შედეგები ვერ განიხილება როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება",- აღინიშნა პრესკონფერენციაზე და დასკვნის საფუძვლებზე გამახვილდა ყურადღება:

"ვფიქრობთ, რომ ძალიან არის ერთმანეთთან დაკავშირებული ის პროცესები, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდში და ის პროცესები, რაც გამოვლინდა არჩევნების დღეს.

თქვენ იცით, რომ სამართლიანი არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა 1 500 ადამიანისგან შემდგარი მისიით. უბნებზე დაახლოებით 1 000 ადამიანი იყო, დაახლოებით 230 უბნის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ გვყავდა დამკვირვებლები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებისგან შემოსული ინფორმაციით, 490 ინციდენტი დაფიქსირდა როგორც უბნების შიგნით, ასევე უბნების გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

კენჭისყრის შენობაში გამოვლენილი ინციდენტებისა და დარღვევების რაოდენობა იყო 323. აქედან განსაკუთრებით გამოვყოფთ ბიულეტენების ჩაყრას, რომელიც ვნახეთ, მრავალჯერად ხმის მიცემას და ხმის მიცემის მცდელობას, დამკვირვებლების უფლებების უკანონოდ შეზღუდვასა და მათ გაძევებას უბნებიდან, მარკირების პროცედურის წესის დარღვევას, ხმის ფარულობის დარღვევას.

აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ ბიულეტენების უკან გამოსული მარკერის კვალი და ამის გარდა ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც საუბარია ფოტოს გადაღებაზე, კაბინაში შეყოლაზე და ა.შ. - ხმის ფარულობა იყო ერთ-ერთი ცენტრალური და მასშტაბური პრობლემა ამ არჩევნების დროს.

ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებზე. მაგალითად, როდესაც გადასატანი საარჩევნო ყუთები ბრუნდებოდა და ამომრჩეველთა ხელმოწერები არ იყო სიაში.

გვაქვს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემები და საზღვარგარეთის უბნების პრობლემა. ჩვენ დაახლოებით 45-მდე უბანში ვაკვირდებოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და 26 უბნიდან გვაქვს დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია.

რაც შეეხება უბნის გარეთ მიმდინარე პროცესებს, 167 ინციდენტი დაფიქსირდა უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე და აქედან ყველაზე მასშტაბური იყო კოორდინატორების თუ სხვადასხვა პირების მიერ ამომრჩევლის აღრიცხვა და მათი პერსონალური მონაცემების შეგროვება, რომელიც არის ერთ-ერთი ზეწოლის მექანიზმი პირდაპირ ამომრჩეველზე. ასევე აღირიცხა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები უბნების 11%-ზე. 19%-ზე უბნების ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა 13%-ზე რაც არის საკმაოდ მაღალი.

რაც შეეხება საარჩევნო დავებს, ჩვენ კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდში საარჩევნო კომისიებში ჯამში 294 საჩივარი წარვადგინეთ. მათ შორის, 104 საჩივარი იყო საუბნო საარჩევნო კომისიებში, 64 შენიშვნა და 189 საჩივარი 214 ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გავასაჩივრეთ საოლქო საარჩევნო კომისიებში",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მნიშვნელოვან საჩივრებს კატეგორიებს შორის ორგანიზაცია გამოყოფს "საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის საკითხებს, ასევე, გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობა. რამდენიმე უბანი გვაქვს ასევე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა და ხმის ფარულობის დარღვევა.

ასევე ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოზე: "გვქონდა არაერთი დაშინებისა და მუქარის კამპანია. იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ განსაკუთრებით პრობლემური იყო, მათ შორის, ბათუმელები/ნეტგაზეთის მიერ გამოვლენილი ადამიანის პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული ფაქტები, ანუ ადამიანების შესახებ დოსიეების მოგროვება და ეს ჩვენ პირდაპირ დავაკავშირეთ 2022 წელს - გემახსოვრებათ, სამართლიანმა არჩევნებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მაშინ პროკურატურაშიც მიიტანა ეს, წარადგინა ძალიან დიდი ანგარიში, როგორ ხდებოდა დოსიეების შექმნა ადამიანებზე და შემდეგ ამის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნა გაგრძელებული ამ არჩევნებისთვის, ანუ ადამიანების შესახებ დოსიეების შექმნა და ამის გამოყენება ხდებოდა მათთვის სიკეთეების მიწოდებით, ან მათი დაშინებით და ზეწოლით. ამიტომ, ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი არის წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანების პერსონალური ინფორმაციის მოგროვება და მისი გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის". - თქვა დოლიძემ.