თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ ქართველ ხალხს არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გამოხატული ნდობა აუცილებლად იქნება გამართლებული. ირაკლი ხელაძის თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება არა ოპოზიციურ პარტიებზე, არამედ იმ არასამართლიან ორმაგ სტანდარტსა და გაუგონარ თავდასხმებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოსთან მიმართებაში მრავლად იყო.
„მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის სამართავად მანდატი გადასცა. ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვიქნებით ხალხის სამსახურში და ვეცდებით, გავამართლოთ ის ნდობა, რომელიც მათ „ქართული ოცნების“ მიმართ გამოხატეს“ -განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა უკვე აღემატება 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს. მისივე თქმით, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შენარჩუნებულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც თბილისისა და თბილისელებისთვის მნიშვნელოვანია.
„მოგეხსენებათ, დღევანდელი განხილვის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია საკრებულოს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დედაქალაქის მერიას დაუბრუნდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკვე დასამტკიცებლად შემოსული ბიუჯეტი მეტად კონკრეტული იქნება და მასში წარმოდგენილი იქნება უფრო მეტი სახელობითი პროექტი. ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ რაიონული გამგეობების მიმართულებით გაიზრდება თანხები და საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც ეფექტიანად უპასუხებს ყველა იმ გამოწვევას, რაც დედაქალაქის წინაშე დგას“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დედაქალაქის ინტერესებზე მუშაობას უკვე პარლამენტიდან გააგრძელებს.