საქართველოს 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა პლეი ოფის მეორე შეხვედრა სტუმრად გამართა.

შეხვედრის პირველი ნახევრის მე-11 წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა 17 წუთში  შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

მეორე ნახევრის 63-ე წუთზე მასპინძლებმა ისევ შეძლეს დაწინაურება და ქართველმა ფეხბურთელებმა ამჯერად კიდევ უფრო სწრაფად მოახერხეს წონასწორობის აღდგენა.

მესამე გოლი მასპინძლებმა 90+2 წუთზე გაიტანეს და დარჩენილ სამ წუთში ანგარიშის გათანაბრება აღარ მოხერხდა.



ვინაიდან თბილისში გამართული პირველი შეხვედრა საქართველოს 1:0 ჰქონდა მოგებული, დამატებით დრო დაინიშნა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა და პლეი ოფში გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიაში გაირკვა.




თერთმეტმეტრიანები ქართველმა ფეხბურთელებმა უკეთ დაარტყეს (პირველი დარტყმა ხორვატთა მეკარემ მოიგერია, შემდეგი შვიდი კი ზუსტი გამოდგა) და  საქართველო იმ 15 უძლიერეს ნაკრებს შორის მოხვდა, რომლებიც ევრო 2025-ზე მასპინძლებთან, სლოვაკებთან ერთად იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად.