თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშთან და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, 15 დეკემბერს თბილისის საკრებულო თბილისის მერის 2023 წლის ანგარიშს მოისმენს და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდება.
„მიმდინარე 2023 წელი, რომლის შეჯამებაც უნდა მოხდეს, საკმაოდ წარმატებული იყო. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალაქის განვითარების მიმართულებით. მერის ანგარიში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს მოიცავს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს.
„საკრებულოში შემოსულია დედაქალაქის ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი, რომელშიც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები. 2024 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზრდილია მიმდინარე ბიუჯეტთან მიმართებით. მისი მოცულობაა 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრება. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დატვირთული იყოს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური კუთხით. ჩვენ გვაქვს საინტერესო პროექტები. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.