თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ცნობილი ქართველი მოქანდაკის ელგუჯა ამაშიკელის ბიუსტი გაიხსნა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ბიუსტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, დიდი პატივია ელგუჯა ამაშუკელის ბიუსტის გახსნაში მონაწილეობა.
„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს აქ თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღო დიდი ქართველი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის, ბიუსტის საზეიმო გახსნის ცერემონიაში. ბატონი ელგუჯას მიერ შექმნილი სკულპტურა ქართლის დედა, ვახტანგ გორგასლის, ნიკო ფიროსმანის, დედა ენის ძეგლები, კომპოზიცია ვეფხი და მოყმე და სხვა უამრავი ნამუშევარი თბილისის სავიზიტო ბარათებია, რომლებიც უნიკალურ იერსახეს უქმნის ჩვენს დედაქალაქს.
მნიშვნელოვანია ის იდეური დატვირთვა, რომელსაც ელგუჯა ამაშუკელის ქმნილებები ატარებს და ამასთანავე საქართველოს ისტორიასა და ეროვნულ ღირებულებებს გამოხატავს. მინდა მადლობა გადავუხადო მოქანდაკე გენადი ზაქარაიას, ასევე არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას პროექტის მომზადებისთვის და შესაბამის საქალაქო სამსახურებს თანამშრომლობისთვის, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადა ელგუჯა ამაშუკელის სახელის უკვდავსაყოფად მისი ბიუსტის განთავსება თბილისის უძველეს, ისტორიულ უბანში.
ჩვენი მოვალეობაა თაობებს შემოვუნახოთ იმ გამორჩეულ შემოქმედთა სახელები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს ჩვენი ქალაქის მხატვრული იერსახის ჩამოყალიბებაში. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ჩვენი ქალაქის და მთლიანად ქვეყნის კულტურის ისტორიას და შთაგონებას აძლევენ მომავალ თაობებს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქართველი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის, ბიუსტი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, არსებულ სკვერში გაიხსნა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განმხილველმა კომისიამ 2022 წლის 28 ნოემბერს კომისიის N2 სხდომაზე ქალაქ თბილისში, გორგასლის ქ. #3-ში არსებულ სკვერში, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ბიუსტი) განთავსებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა (მოქანდაკე - გენადი ზაქარაია, არქიტექტორი - ვახტანგ დავითაია).
მოქანდაკე გენადი ზაქარაიას მიერ შესრულებული ელგუჯა ამაშუკელის ბრინჯაოს ბიუსტი საჩუქრად გადაეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ხოლო განთავსება არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს „ლუმარის“, მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით განხორციელდა.