ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ქუჩის გახსნას დედაქალაქის მერთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრო. როგორც მან განაცხადა, უნივერსიტეტის ქუჩა ქალაქის სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია.
„დასრულდა უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი. სრულად აღდგა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ახლო მომავალში დასრულდება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის ხიდის სამუშაოები და ერთობლიობაში ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღნიშნულ არეალში სატრანსპორტო გადაადგილებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან ერთად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
უნივერსიტეტის ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; რეაბილიტირდა 2,5-კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა; მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.
გარდა ამისა, გზის უსაფრთხოებისთვის გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო.
აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 18 მილიონი ლარით.