თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას 2022-2023 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს მიერ გაწეულ საქმიანობასა და დედაქალაქის მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ვაკის რაიონში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე. თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პროგრამა გამოყო.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ხორციელდება ახალი პროგრამა - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება, რომლის ფარგლებშიც უკვე რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. ამას გარდა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისათვის შემუშავდა ხელშემწყობი ღონისძიებები. ასევე, ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების ფარგლებში, კერძო ინვესტორის მიერ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდა IV კატეგორიის ავარიული შენობის ჩანაცვლება. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებები უკვე შეეხო 17 პროექტს, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 14 000 000 ლარია.
„საბინაო პოლიტიკის მიმართულებით ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. 250-მდე ოჯახი პრივატიზების გზით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 2200 ოჯახისთვის კი ახალი ბინები აშენდება. რაც შეეხება დაუმთავრებელი მშენებლობებით გამოწვეულ პრობლემებს, მათი მოგვარების მიზნით 1000-მდე ოჯახის პრობლემა გადაიჭრა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, პროექტების განხორციელების მთავარი საწინდარი დედაქალაქის უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტია. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის მთავარმა საფინანსო დოკუმენტმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 მილიარდ 833 მილიონ ლარს - მიაღწია.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ნაწილი სატრანსპორტო რეფორმას დაეთმო. გიორგი ტყემალაძემ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც რეფორმის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის განხორციელდა. მათ შორის საუბარი ტაქსების რეფორმას, მეტროს რეაბილიტაციას და ზონალურ-საათობრივ პარკირებას შეეხო.
რაც შეეხება 2022-2023 წლებში თბილისში განხორციელებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გიორგი ტყემალაძემ მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის რეაბილიტაციის, ჟვანიას მოედნისა და მელიქიშვილის გამზირის რეკონსტრუქციის, ასევე პუშკინის სკვერის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე პროექტების შესახებაც ისაუბრა და აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაცია, რამდენიმე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გამოყო.
გიორგი ტყემალაძემ ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, მიმდინარეობს ეროვნული სასახლის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, გიორგი ტყემალაძემ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც მისი თქმით, მიმდინარე წელს, ენდოპროთეზირების პროგრამა დაემატა, გაფანტული სკლეროზის და ტრანსპლანტაციის პროგრამებით გათვალისწინებული დაფინანსება კი 100% -მდე გაიზარდა.
რაც შეეხება საკრებულოს კიდევ ერთ ფუნქციას - გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას - ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საკრებულოს მიერ სულ 100-ზე მეტი ობიექტის სახელდება განხორციელდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და ვაკის რაიონის მაჟორიტარის გიორგი ტყემალაძის საქმიანობის ანგარიშში ყურადღება ვაკის რაიონში განხორციელებულ პროექტებზეც გამახვილდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამჟამად უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და გრძელდება ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობას ვაკეში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.
„ვფიქრობ, რომ ნამდვილად გამორჩეული წელი იყო. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ კიდევ მრავალ მნიშვნელოვან პროექტს, მაგრამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტი მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი საკვანძო პროექტი გახდება და შედეგსაც გამოიღებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული არეალის, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-განვითარება, რომლის მაკომპენსირებელი ღონისძიებებიც უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, ახალი სარეკრეაციო სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს იმგვარ მიდგომებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ჩვენი მანდატის ფარგლებში აუცილებლად შევძლებთ დაპირებების შესრულებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.