საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
" საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს მოგიყვანთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 000-მდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყენებით და არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენებისას ძალიან კარგ შედეგად ითვლება თუ საარჩევნო პროცესის დროს აპარატების 1 პროცენტი გამოვიდა მწყობრიდან, ჩვენ შემთხვევაში კი ამ რიცხვმა დაახლოებით 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი შედეგია.
აღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ “pro v&v”-მ, რომელსაც აშშ-ში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს და წარმოადგენს საარჩევნო ლაბორატორიას, არამედ ის თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებენ.
სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მათ ოფიციალურად გადმოგვცეს პირველი და მეორე ეტაპის რევიზიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს აპარატების გამართულ მუშაობას. დოკუმენტი ითარგმნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის მყისიერად გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს.
აღნიშნული დოკუმენტი პასუხს სცემს ყველა კითხვას, მათ შორის იმ მანიპულაციურად წამოჭრილ საკითხს, თითქოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო დუბლირების ფაქტები. ეს ბრალდება იმთავითვე უსაფუძვლოა რამდენიმე ფაქტორის გამო. პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა სიები და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს აქვთ სიების საჯარო ვერსიის ადმინისტრაციიდან გამოთხოვის და შემოწმების შესაძლებლობა და გამოითხოვენ კიდეც და სხვა არა ერთი მტკიცებულება. დღეს ხსენებულმა ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული კითხვები, არის უსაფუძვლო და დაადასტურა, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.
აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც განხორციელდა არჩევნების მოდერნიზების პროცესი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს არჩევნების მოდერნიზებას. მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, ესტონეთში, ბელგიაში და ა.შ.
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და იმ უწყებებს, რომლებიც არჩევნების ორგანიზების პროცესში ჩვენთან თანამშრომლობდნენ.
საარჩევნო ტექნოლოგიებთან ადვილად ადაპტირდა ამომრჩეველიც, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია, რომელიც არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დავიწყეთ ეფექტიანი იყო. აქტიურობისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს. - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.