ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი გააცნო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის ცნობით, სესიის ფარგლებში, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და პროექტების, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ცესკო-ს თავმჯდომარისგან. მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო.
ცესკო-ს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCHE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით დააკვირდებიან.