„კვლავ წუხილის საგანია ისრაელში, ქალაქ რამათ-განში საარჩევნო უბნის საკითხი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომისიას მიმართა განცხადებით გადადგომის თაობაზე. ამან წარმოშვა გარკვეული წუხილი, თითქოს, საარჩევნო ადმინისტრაცია მიზანმიმართულად აპირებს, რომ რამათ-განში კენჭისყრის პროცესი ჩაიშალოს. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
"ნებისმიერ ქვეყანაში კენჭისყრის პროცესის ხელშესაწყობად ცესკომ ორი კვირის წინ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრას თუ ჩამოსცდება, მაგრამ იქნება არანაკლებ შვიდისა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არის შესაძლებლობა, რომ ის უბანი გარდაიქმნას სპეცჯგუფად და დარჩენილ რაოდენობას, შვიდზე მეტ პირს ჰქონდეს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენ ამაზე ვიფიქრეთ, იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკაში არსებობს რისკი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შემთხვევაში.
მინდა, ვთხოვო და მივმართო რამათ-განის კომისიის წევრებს, მნიშვნელობა არ აქვს, არაპარტიული არიან თუ პარტიული ნიშნით არიან არჩეული, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყოთ იმას, რომ კომისიის წევრების საკმარისი რაოდენობის არარსებობის გამო არ ჩაიშალოს კენჭისყრა რამათ-განში. იმედს გამოვთქვამ, ყველა კომისიის წევრი რამათ-განში მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ხელს შეუწყობს პროცესის ეფექტიანად, მშვიდ გარემოში ადმინისტრირებას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.