ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მარნეულში, საარჩევნო უბანზე, ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის ფაქტზე, მისი ინფორმაციით, შინაგანს საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მისივე თქმითვე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა აღნიშნული ფაქტი სიმართლეს, ის მაინც აზიანებს საარჩევნო პროცესს.
"ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ. მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო, მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში. მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხზე. მინდა, სამინისტროს ვთხოვო, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს წარმოება, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებას ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ.
ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, აზიანებს საარჩევნო გარემოს, კენჭისყრის დღის მთლიანობას, აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით მოახდინოს საკითხში გარკვევა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ უბანთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.