როგორც ოჯახში, ისე სკოლაში, სხვა ბევრ რაღაცასთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეში ნებისყოფის ჩამოყალიბებას - მის გარეშე პიროვნება უბრალოდ არ არსებობს.
რუსთველის სიტყვებია: "რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა". - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ წადილებს (სურვილებს) თავად უნდა გაუბატონდე, მართავდე და ისინი არ უნდა გაიბატონო, თორემ ერთხელაც რომელიმეს (ან ბევრს) ვერ აისრულებ და, მასზე (მათზე) დამოკიდებული, უბედური გახდები.
ნებისყოფა აბსოლუტურად აუცილებელია ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად და - არანაკლებად - პიროვნული ღირსებისთვის.
ჩვენმა ოჯახებმა და სკოლებმა საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვან:
რას ვაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებში ნებისყოფა ჩამოვაყალიბოთ და მუდმივად განვავითაროთ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის - სწავლებისა და აღზრდის სხვადასხვა ეტაპზე ბევრ ფიქრსა და გარჯას მოითხოვს.
თუმცა, სხვას რომ ასწავლო, ჯერ თავად უნდა იყო შესაბამისი ცოდნის, გამოცდილებისა და ქცევის მაგალითი.
ყოველ ჩვენგანს, ალბათ, თავისებურად ესმის რუსთველის ხმა, მაგრამ მისი ნათქვამის შინაარსი ყველასთვის ერთნაირად ცხადია: არ დაემონო ვნებებს - "ნუ სდევ წადილთა ნებასა".
ვინც წინ არ მიუძღვის საკუთარ სურვილებს და უკან მიჰყვება მათ, ყოველთვის წააგებს, რადგან ჯერ არ გაუმარჯვია იმას, ვისი ტანიც სიარულისას ფეხებს ჩამორჩება.