ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი დაესწრო.
გიორგი ცინცაძემ დამსწრე საზოგადოებას ახალი, სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„პირველ რიგში გილოცავთ ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს სითბოსთვის, მზრუნველობისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ახალი თაობისთვის აკეთებთ.
ბაღი არ არის ადგილი სადაც ჩვენი პატარები მხოლოდ სათამაშოდ დადიან, ეს არის ადგილი, სადაც თქვენ ასწავლით მეგობრობას, წესრიგს და დამოუკიდებლობას. თქვენ ხართ მათი პირველი მასწავლებლები და რასაც თქვენგან სწავლობენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. დიდი მადლობა რომ ამ საქმეს ასე გულითადად აკეთებთ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაღის ყველა თანამშრომელს ჰქონდეს ღირსეული პირობები, ყველა საბავშვო ბაღი იყოს თანამედროვე, თბილი და განვითარებაზე ორიენტირებული“, - აღნიშნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ.
ღონისძიებას ბათუმის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები, აღმზრდელები და სააღმზრდელო პროცესზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ავტორიზაციის პროცესის ეფექტიანი განხორციელება, სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტების შემუშავება და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება.