პრობლემური საზოგადოების არსებითი ნიშანი ის არის, რომ ბედნიერ ადამიანს ვერ იტანს - მისთვის სიხარული ზოგადად სასურველი და საოცნებოა, მაგრამ - არა კონკრეტულ კაცში. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ასე ფიქრობენ:
თუ ბედნიერ ადამიანს დაამცირებ, შენი ნაკლოვანი ცხოვრება ჩვეულებრივ ამბად გამოჩნდება - ჩვეულებრიობა კი ძალიან ძნელი გადასატანი არ არის.
ასეთ ვითარებაში მაღალი ფიქრი და მნიშვნელოვანი საქმე მდაბალს "უტოლდება", ყველაფერი ერთმნიშვნელიანდება, წარმატებული და გონიერი ადამიანები "სულერთიას" კლდეზე იმსხვრევიან.
საზოგადოება ბუნებრივად ვერ ვითარდება, თუ "სტანდარტი" ასეთია:
უარესი კი არ აიყვანო უკეთესამდე, არამედ - "დემოკრატიისა" და "თანასწორობის" ნიშნით - უკეთესი ჩამოიყვანე უარესამდე.
დაფიქრება გვმართებს - ჩვენთანაც ხომ არ მძლავრობს ეს ტენდენცია?
არ დაამცირო სხვისი სიხარული! - ადამიანი იმით იზომება, რამდენად შეუძლია ის საკუთარადაც აქციოს." - წერს გია მურღულია.