ერთხელ იესოსაც კი წამოსცდა: "ღმერთო, რატომ მიმატოვე მე?"
ეს მისი ადამიანური ბუნების ამოძახილი იყო.
ბევრ ჩვენგანს ეს განცდა თან დაჰყვება ხოლმე - მე მარტო დავრჩი, არავის ვახსოვარ, ღმერთი ჩემზე არ ფიქრობს.
ალბათ, ერთხელ მაინც გვწვევია ეს შეგრძნება.
ამის გამო თვითგვემა არ ღირს. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ხომ ხედავთ - ერთხელ ღმერთმაც კი იფიქრა ეს თავის თავზე.
სულ უნდა გვახსოვდეს გამორჩეულად დასამახსოვრებელი რამ:
ადამიანი მარტო არასდროს არის და ღმერთი მუდმივად მის გვერდზეა.
ეს ათასნაირად ხდება და გამოიხატება.
ზოგჯერ სხვა ადამიანშია ღმერთი, ახლა რომ გელაპარაკება.
ზოგჯერ - ამომავალ მზეში.
ზოგჯერ - მთის მდუმარებაში.
ზოგჯერ - საგანში, რომელიც მაგიდაზე დევს.
ზოგჯერ - სევდაში.
თუმცა არის ერთი ვინმე, ვინც მუდამ განასახიერებს მის მუდმივად შენთან ყოფნას - ეს შენ თვითონ ხარ!
იცი, შენ ვინ ხარ? - ღმერთის ფიქრი საკუთარ თავზე.
ვინმე იტყვის, რომ ასე არ არის?
დაე, თქვას - ის მეორე "მე" პირველი შეეკამათება და უსათუოდ გაიმარჯვებს.
მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წამი წაგვართმევს ამ განცდას, რათა ახალი სიცოცხლის პირველ წამად იქცეს.
დილა მშვიდობის!
ეს დილაც ღმერთისა და ადამიანისაა - ორივესი ერთად. " - წერს გია მურღულია