სიტყვა "ჩალიჩი" ჩვენში გამოხატავს ბევრი ადამიანის საარსებო ბუნებას. უნდა გაძვრე, მიდგე-მოდგე, სხვას გადაასწრო, რაც არ გეკუთვის, დაეპატრონო, რაც გვიან გეკუთვნის, ადრე მიიღო.
რაც უნდა პოზიტიური მნიშვნელობა (მოხერხებულობა, ფხიანობა, რაციონალური მოქმედება, სპეციფიკური ნიჭიერება, გაბედულება) ეძებო ამ სიტყვაში, ის მაინც იმას ნიშნავს, რომ კანონისა და მორალის მიღმა მიაღწიო მიზანს. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენში რაა "მოჩალიჩეებზე" მეტი?!
"იჩალიჩა"...
"გაეჩალიჩა"...
"გაუჩალიჩა"...
"მიეჩალიჩა"...
"რას ჩალიჩობ?"
სხვის სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდით კაი ხანს და მისი კანონების დარღვევა დიდ ცოდვად არ მიიჩნეოდა, შესაძლოა იქიდან გამოყოლილი სიტყვაა - რა გენაღვლება იმას თუ რამეს მოპარავ, მის რესურსებს გამოიყენებ ან მიითვისებ - სხვისია, შენი ხომ არ არის, შენიანს ხომ არ აკლებ რამეს?
შექსპირის არ იყოს: "ბოროტი კაცი დანიაშიც ბოროტი არის" - კანონის უპატივცემულობას გეოგრაფიული გარშემოწერილობა არ აქვს - რაც "აქ" ხარ, ის ხარ "იქაც".
მარტო შენს ქვეყანასა და ხალხს კი არა, არავის არ უნდა "გაეჩალიჩო" - ზნეობა უსაზღვროა და ამიტომ.
სიტყვა ტყუილად არ იბადება.
მას თავისი ფუნქცია აქვს - გამოხატოს რაღაც ან ვიღაც.
ადამიანი თავად ირჩევს, რომელი სიტყვების კომპანია ურჩევნია.
არჩეულის მიხედვით შეურჩევენ სახელსაც და ზმნებსაც.
მოკლედ: "გაუჩალიჩებენ" ანუ მოუწყობენ (აი, კიდევ ერთი მნიშვნელობაც).
ნუ იჩალიჩებ - ადექი და, უბრალოდ, გააკეთე.