მხოლოდ ერთი რომელიმე ადამიანი კი არა, მთელი ქვეყნები ოცნებობენ ოლიმპიადის თუნდაც ერთ ვერცხლის მედალზე, გივის კი ის "სასჯელად" მიაჩნია და ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის, - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანის, გივი მაჭარაშვილის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ის ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის, რადგან შეცდომა დაუშვა და ოცნების მედალი ვერ მოიპოვა. 

„ეს ოლიმპიადა საქართველოსთვის გივი მაჭარაშვილის ახლოს გაცნობადაც ღირდა.
მის მოკლე მონოლოგს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. 
მხოლოდ ერთი რომელიმე ადამიანი კი არა, მთელი ქვეყნები ოცნებობენ ოლიმპიადის თუნდაც ერთ ვერცხლის მედალზე, გივის კი ის "სასჯელად" მიაჩნია და ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის.
როგორი მაქსიმალური მიზანსწრაფვაა!
როგორი პასუხისმგებლობაა!
როგორი სიყვარულია - საქმისა და სამშობლოსი!
ეს ახალგაზრდა კაცი აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს და ყველას უზომოდ გაგვახარებს.
ასეთები არასდროს ნებდებიან.
გივი მაჭარაშვილი მაგალითად იქცა - მისი წუხილი მაგალითია, მისი დაპირება მაგალითია, მისი მიზანსწრაფვა მაგალითია.
თავი მაღლა აწიე, გივი!
შენ კარგი ადამიანი და დიდებული სპორტსმენი ხარ.
შენ იმ შესანიშნავ ადამიანთა რიცხვში ხარ, რომლებსაც საკუთარი ქვეყანა სათავისო სარგებლის გარეშე უყვართ.
საბოდიშო არაფერი გჭირს - შენ საქართველოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუპოვე და ეს რჩეულთა ხვედრია.
შენმა სამშობლომ ამ დღეებში კარგად დაგიმახსოვრა.
შენი იმედი ჩაესახა.
შენით ამაყობს.
წარმატებასა და ბედნიერებას გისურვებს.
თავის კეთილ და ღირსეულ შვილად მიგიჩნევს.
მართალია, რასაც, ერთი შეხედვით, ამ სევდიანი მონოლოგის ბოლოს ამბობ - ქართველები სასოწარკვეთასთან არ მეგობრობენ.
ყველაფერი კარგად იქნება.
საქართველოს ჰიმნი კიდევ ბევრჯერ ახმიანდება და ჩვენი ქვეყნის დროშაც არაერთხელ აღიმართება შენი გამარჯვებების აღსანიშნად.
სადარდებელი არაფერია - ჩვენ დღეს შენს წარმატებას ვდღესასწაულობთ.
უფრო მეტისკენ სწრაფვა კი ქართველური წესია“, - წერს გია მურღულია.

გივი მაჭარაშვილი: შეცდომა დავუშვი და ამ შეცდომის გამო დავისაჯე - ჩემი ოცნების მედალი ვერ მიმაქვს სამშობლოში