ქართული მართლამადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. 

ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შესრულდება.

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (უძრავი) ქრისტიანულ ეკლესიაში. აღინიშნება 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით). ლუკას სახარების (1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.

ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

ამ დღესასწაულის განსაკუთრებულობა ცისკრის კანონია, რომელსაც აქვს მთავარანგელოზ გაბრიელსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შორის დიალოგის ფორმა, აგრეთვე, თითქოს და, ჩვენგან მიმართული, ღვთისმშობლისადმი მისალმება მთავარანგელოზის სიტყვებით:

„მთავარანგელოზისა ხმასა გიღაღადებთ შენ წმიდაო: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა“ (სადიდებელი).

ამგვარად, ჩვენ არა მარტო ხარებას ვიღებთ ჩვენი ხსნის შესახებ, არამედ თავად ვადიდებთ ყოვლად წმინდა მარიამს, რომელიც ღმერთის ხორციელი დედა გახდა.

ჩვეულებრივ, ხარება დიდ მარხვას ემთხვევა და მისი ზეიმის ფორმა ყოველ წელს იცვლება, იმის მიხედვით, თუ რომელ დღეზე მოდის იგი. თუ ხარება სადაგ დღეს ემთხვევა (რაც უფრო ხშირია), საღვთო ლიტურგია საღამოს მწუხრთან ერთად აღესრულება და ამიტომ მას წინ უსწრებს მთელი დღის მარხვა, ისევე, როგორც პირველ შეწირულთა ლიტურგიის დროს. ეს ერთადერთი გამონაკლისია, როცა წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია დიდი მარხვის სადაგ დღეს აღესრულება.