გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს, ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.
დავით სონღულაშვილმა მწუხარება გამოთქვა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად, აზერბაიჯანული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბის გამო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია დავით სონღულაშვილის ჩანაწერში.
25 დეკემბერს, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.