გამორიცხული იყო, სააკაშვილის გარეშე ვიღაცას გადაეწყვიტა, რომ, მაგალითად, ჟურნალისტები სასტიკად ეცემათ, თუ ვინმეს გადასაღები საშუალება ჰქონდა, წაერთმიათ, დაემტვრიათ, დაელეწათ, გაენადგურებინათ, სახალხო დამცველის წარმომადგენელი სასიკვდილოდ ეცემათ და ასე გავენადგურებინეთ. წარმოიდგინეთ, დედაჩემი იმიტომ სცემეს, რომ, უბრალოდ, მისი შვილი ვიყავი, მე გამაჩინა, თორემ დედაჩემს ხომ საერთოდ არაფერი დაუშავებია? – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ყოფილმა პოლიტპატიმარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მიმდინარე სისტემურ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ დროს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს უსასტიკესად უსწორდებოდნენ.

15 ივნისი არის ამის ყველაზე ისეთი ტრაგიკული მაგალითი, ჩემი აზრით. სამწუხაროდ, ბევრი თარიღი იყო, მაგრამ 2009 წლის 15 ივნისი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე, ყველაზე მოუშუშებელი და ეს დღე დღემდე ვერ მომინელებია. არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მეგობრებიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვყარეს მაშინ, სადაც საშინელი სისსტიკე გამოიჩინეს. თან, აქციის მიზანი იყო, არათუ რამე დაგვეზიანებინა, არამედ მივედით იმიტომ, რომ ჩავბარებულიყავით. მანამდე ჩემი და ჩემი მეგობრების სახლებთან დაიწყეს ჩასაფრებების მოწყობა, იქ საშინელი ცემა და დაკავება-დაპატიმრება. ვინც შეძლეს, ვიღაცები დააკავეს. მათი ხელწერა იყო ეს, რომ ვითომ გაკავებდნენ, ერთ ადამიანს დაესეოდა 50 კაცი და საშინლად სცემდა. ეს რომ ვიცოდით და თან, ვინც გადავრჩით, რომ ვერ დაგვაკავეს, მე, მიშა მესხი და კიდევ სხვა მეგობრები, ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, მივსულიყავით სამმართველოსთან და გვეთქვა, ვისი დაკავება გინდათ, აქ ვართ, ჩვენი ფეხით ჩაგბარდებით-თქო. უბრალოდ, სიას ვკითხულობდით. კადრები, რაც არის გადარჩენილი, ზუსტად ეგ ჩანს, რომ სიას ვკითხულობთ და ჩვენი ანკეტები გვქონდა მიტანილი. ასეთი არაძალადობრივი და მშვიდობიანი აქცია იყო და არავის არაფერი ცუდი განზრახვა არ ჰქონია გულში. ჩვენ არც კი ველოდით, რომ ასეთ მშვიდობიან აქციაზე ვინმეს ასეთი საშინელება შეიძლებოდა ჩაედინა, მაგრამ უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი, ზოგი პოლიციელის ფორმაში, ზოგი ნახევრად ფორმით, კეპით და ზოგიც საერთოდ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კუნთმაგარი ხალხი ვნახეთ, რომ ბევრი იყო გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი რაოდენობა ვიყავით, თავისუფლად შეგვეძლო, ქუჩა ჩაგვეკეტა, შეგნებულად დავდექით ტროტუარზე და იმ გადარჩენილ კადრში, რომელიც ანა გოჩოშვილმა გადაარჩინა, „აი ტვ“-ს წარმომადგენელი რომ იყო მაშინ, იქაც ჩანს, რომ მანქანები თავისუფლად მოძრაობენ აქციის პერიოდში. უეცრად გამოცვივდნენ. ამათ უნდოდათ, ინსცენირება გაეკეთებინათ. ყველა სხვა გზა იყო ჩაკეტილი, სამმართველოს შენობის შესასვლელში გასაგორებელი დიდი ჭიშკარია და ის დატოვეს ღია, რომ ესენი რომ მოგვაწვებოდნენ, იქნებ შევვარდნილიყავით შიგნით, სადაც კამერებით იდგნენ, რომ გადაეღოთ, აი, როგორ შევიჭერით. რომ წამოვიდნენ, ესენი, იქ თავის ფეხით ვინ შევარდებოდა, ხომ? მივხვდით ჩვენ და პირიქით, იქით მხარეს წავედით, რომ იქნებ მეორე მხარეს გადაგვერჩინა თავი და სადმე გავმძვრალიყავით, რადგან საშინელი აგრესიით წამოვიდნენ. იქ დაიწყო ენით აღუწერელი სისასტიკე“, – განაცხადა ცაგურიამ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასახსენებელ ეპიზოდზე ჰკითხა, რაც მის დედას ეხება და რაც მან კომისიაზე გაიხსენა, იყო ეს სისტემური დანაშაული ამ გადასახედიდან თუ კონკრეტული თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული, რაზეც დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ იმ აქციას მთელი შს სამინისტროს ელიტა ესწრებოდა.

„იქ იყვნენ ქალბატონი ზღულაძით, უტიაშვილით და სხვა დნარჩენებით დამთავრებული, ახალაიები და თუკი ვინმე ნაძირალა ჰყავდა სააკაშვილს ჩაბუდებული ამ ბოროტების მანქანაში, ყველა იქ იყო. ანუ, ეს არ იყო ვიღაც ერთი კონკრეტული ადამიანი. იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა ვიღაც ადამიანი. გამორიცხული იყო, სააკაშვილის გარეშე ვიღაცას გადაეწყვიტა, რომ, მაგალითად, ჟურნალისტები სასტიკად ეცემათ, თუ ვინმეს გადასაღები საშუალება ჰქონდა, წაერთმიათ, დაემტვრიათ, დაელეწათ, გაენადგურებინათ, სახალხო დამცველის წარმომადგენელი სასიკვდილოდ ეცემათ და ასე გავენადგურებინეთ. წარმოიდგინეთ, დედაჩემი იმიტომ სცემეს, რომ, უბრალოდ, მისი შვილი ვიყავი, მე გამაჩინა, თორემ დედაჩემს ხომ საერთოდ არაფერი დაუშავებია?“ – განაცხადა ცაგურიამ.

დაჩი ცაგურიამ ციხეში სასტიკი მოპყრობის ეპიზოდიც გაიხსენა, სადაც მისულებს რკინის ნაჭრებით, ხელკეტებით სცემდნენ, პირდაპირ სახეში აფურთხებდნენ, საშინელი ლექსიკით აგინებდნენ და აღნიშნა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული.