საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. ღონისძიება ოფიციალურად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.
"ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობებია წარმოდგენილი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრებს საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს აცნობენ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგებს წარადგენენ და იმ სარგებელზე საუბრობენ, რომელსაც ამ პროექტების დახმარებით მოქალაქეები იღებენ. გამოფენა- გაყიდვას მართავენ ის მეწარმეები, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით
ისარგებლეს, საკუთარი ბიზნეsს საქმიანობა წამოიწყეს ან უკვე არსებული გააფართოვეს და ახლა ეკონომიკურ გაძლიერებაში სხვებსაც ეხმარებიან. ამ სივრცეში მათ მიერ წარმოებული ხელნაკეთი ნივთებია წარმოდგენილი.
ღონისძიების ფარგლებში, იმართება EU საუბრები #ertad, სადაც მსურველებს აქვთ საშუალება მოუსმინონ გამორჩეულ მომხსენებლებს საქართველოდან და ევროპიდან, რომლებიც მსჯელობენ ევროპული ღირებულებების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და მათ როლზე საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში.
ევროპის დღის აღნიშვნის ფარგლებში ტარდება საგანმანათლებლო თამაში წიგნების თარო, სადაც ახალგაზრდები ავლენენ ევროკავშირის ისტორიის, ლიტერატურისა და ევროპული ღირებულებების ცოდნას საინტერესო და სახალისო გზით.
ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უამრავი ადამიანი ადამიანი ესწრება, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, აგრომარკეტ „უნიკალური ქართული გემოს“ ფარგლებში კი ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული
პროდუქცია და კერძები დაეგემოვნებინათ.
ევროპის დღის შესახებ:
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა.
ზუსტად 75 წლის წინ წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. შედეგად, უკვე 74 წელია, რეალობად ქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყანის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ:
ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
ევროკავშირი საქართველოს უდიდესი საერთაშორისო დონორია. ევროკავშირის მიერ, პარტნიორებისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ამჟამად, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვაზე და, ამავდროულად, პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას.
საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა ადამიანებს ციფრული და სოციალური კავშირების დამყარებაში, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და საკუთარი ცხოვრების გამრავალფეროვნებაში ეხმარება. - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გავრცელებულ ინფორმაციაში.