12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით გამოცხადდა. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნა ნიშნავს ქვეყნის ისტორიაში დედაღვთისას მიერ გაწეული ღვაწლის გახსენებასა და გაცნობიერებას. ღვთისმშობლის მისია საქართველოში ქრისტიანობის შემოტანა და გავრცელება იყო. ამ მიზნის განსახორციელებლად მან პირველ საუკუნეში თავისი ხელთუქმნელი ხატით ანდრია პირველწოდებული გამოაგზავნა, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში ვაზის ჯვრით - მოციქულთასწორი წმინდა ნინო.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.