ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს მოსკოვში აღლუმზე დასწრების გამო აკრიტიკებს. ფიცო ამბობს, რომ მისი მისი საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს ხიდების აგებას და მსოფლიოს ყველა კუთხის მიმართ სუვერენულ მიდგომას.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მძაფრად გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სიტყვებს. მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩასვლის ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე დასწრების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ფიცო დგას „ისტორიის არასწორ მხარეს“.
„მე ნამდვილად არ მესმის ეს. ყველა, ვინც მხარს უჭერს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ ღირებულებებს, დღეს, ევროპის დღეს, უკრაინაში უნდა იყოს და არა მოსკოვში. <ფიცო> დგას მოსკოვში იმ კაცის გვერდით, ვინც დაიწყო ეს ომი. ომი არასაჭირო მსხვერპლით და უდანაშაულო ადამიანების ტანჯვით. როგორ შეგიძლიათ იდგეთ ამ კაცის გვერდით? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს იმყოფებით“, - განაცხადა ლვოვში უკრაინასთან სოლიდარობის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებაზე მყოფმა კაია კალასმა ჩეხურ პორტალ novinky-სთვის მიცემული ინტერვიუს დროს.
რობერტ ფიცომ კალასის განცხადებებს სოციალური ქსელით უპასუხა. მან მკაფიოდ ახსნა მოსკოვში ვიზიტის მიზეზები და კალასის ბრალდებების პრინციპიალურ ნაკლოვნებებზე მიუთითა:
ძვირფასო კაია, კიდევ ერთხელ მივაქციე ყურადღება თქვენს მიერ ჩემს მიმართ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ეხება დღევანდელ ვიზიტს მოსკოვში და დაანონსებულ შეხვედრას არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. პუტინთან. მე არ ვარ ისტორიის ან რომელიმე სხვა მსგავსი ღრმა გეოპოლიტიკური მოსაზრების სწორ მხარეს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადების დასაწყისში.
შემდეგ მან კალასის ბრალდებების პასუხად ოთხი კონკრეტული პუნქტი წარმოადგინა:
1. მოსკოვში ვარ, რათა პატივი მივაგო სლოვაკეთის განთავისუფლებისთვის დაღუპული 60 000-ზე მეტი წითელი არმიის ჯარისკაცის ხსოვნას. ჩემთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვთ ამ მამაც ადამიანებს არსებულ საერთაშორისო ვითარებასთან;
2. როგორც ევროკომისიის მაღალჩინოსანს, თქვენ აბსოლუტურად არანაირი უფლებამოსილება არ გაქვთ გააკრიტიკოთ სუვერენული ქვეყნის სუვერენული პრემიერ-მინისტრი, რომელიც კონსტრუქციულ მიდგომას იჩენს მთელი ევროპული დღის წესრიგის მიმარ;
3. მე არ ვეთანხმები ახალი რკინის ფარდის პოლიტიკას, რომელზეც თქვენ ასე ინტენსიურად მუშაობთ;
4. მე გისვამთ კითხვას: როგორ უნდა ჩაერთოთ დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკაში, თუ პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება შეხვდნენ და ნორმალური დიალოგი ჰქონდეთ იმ საკითხებზე, რომლებზეც მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ შორის კალასსთან არსებული დაძაბულობა რუსეთის მიმართ დიპლომატიური მიდგომის შესახებ შეხედულებებში არსებულ განსხვავებებით არის გამოწვეული. კალასი მკაცრად ნეგატიურ პოზიციას იკავებს, ფიცო - დიალოგისა და დაბალანსებული დიპლომატიის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. პრემიერ-მინისტრის ქმედებები ნათლად აჩვენებს, რომ სლოვაკეთს სურს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა საგარეო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
პრემიერ-მინისტრმა ფიცომ ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს ხიდების აგებას და მსოფლიოს ყველა კუთხის მიმართ სუვერენულ მიდგომას და მისი ვიზიტი მოსკოვში არა მხოლოდ წითელი არმიის მებრძოლების, სლოვაკეთის განმათავისუფლებლების ხსოვნისადმი პატივის მიგებაა, არამედ შესაძლებლობაც, გამართოს მნიშვნელოვანი ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე ჩინეთის, ბრაზილიისა და ვიეტნამის ლიდერებთან.
„ჩვენს ოპონენტებს არ სურთ ხიდები და თანამშრომლობა. მათ სურთ ახალი რკინის ფარდა. მე ვარ პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ სურს რკინის ფარდა ან რაიმე სახის ომი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფიცომ თავის გამოსვლაში.