"აფრიკის" დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო, პოლიციამ 17 პირი დააკავა, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, 17-ვე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული (173-ე მუხლი).
შეგახსენებთ, რომ "აფრიკის" დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე იმ ნაგებობების დემონტაჟის დაწყებას, სადაც ოჯახები არ ცხოვრობდნენ, ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე მოქალაქე გაიყვანა. უვნებლად ჩამოიყვანეს ხიდან მამაკაცი, რომელიც სუიციდით იმუქრებოდა. დაპირისპირების მთავარი საკითხი არის ტერიტორიაზე არსებული კორპუსები, სადაც 150 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა გამოსახლებაზე უარს აცხადებდა.
შენობებს და ტერიტორიას ჰყავს კერძო მესაკუთრე - "ბლექ სი ფროფერთის" მოგებული აქვს სასამართლო დავა, თუმცა, გამოსახლება რამდენჯერმე გადაიდო. ამას გარდა, სახელმწიფო უწყებები აცხადებენ, რომ აქ სიცოცხლისთვის საშიში გარემოა და არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომლის მიხედვით, შენობას დაზიანების მეოთხე ხარისხი აქვს.
აღსრულების პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მცხოვრებლების უმრავლესობასთან მოლაპარაკება უკვე მიღწეულია.