თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათი მთავარი მოთხოვნა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაა.
"გაუსაძლისი სიცხეებია, სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება, რის გამოც იძულებულნი გავხდით უკიდურესი ზომები მიგვეღო და გზა გადავკეტეთ. მოვითხოვთ პრობლემის დროულად მოგვარებას. ,, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს, სოფელში ცენტრალური გზის და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამაც აღნიშნული პრობლემა წარმოშვა.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, მოსახლეობას სასმელ წყალს სპეციალური ავზებით მიაწვდიან.
,,სოფელ ლალისყურში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს გზის რეაბილიტაციას და პარალელურად სასმელი წყლის მილების შეცვლის სამუშაოებს, რის გამოც მოსახლეობას დროებით სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ადგილობრივ მოსახლეობას დღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები შეხვდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია წყლის მილების შეცვლას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს, პარალელურად კი მოსახლეობას წყალი რეგულარულად მიეწოდება ავზებით.,, - განუცხადეს "აიპრესს" მერიაში.